26
დეკ.
26 დეკ 2023
ბლოგი: 28 მილიარდ რუბლად “წართმეული” ქართველობა: ტაქტიკური დეზინფორმაციით მოგებული საინფორმაციო ოპერაციები?

28 მილიარდი რუბლი (440 მილიონი აშშ დოლარი) - სწორედ ამდენი დახარჯა რუსეთის ხელისუფლებამ 2019 წელს მისი მთავარი პროპაგანდისტული მედია ჯგუფის "Россия сегодня"-ს და RT-ს დაფინანსებისთვის1, RT მაუწყებლობას მსოფლიოს რამდენიმე რეგიონში 9 ენაზე.2 რუსეთის მიზნების განსახორციელებლად რუსული მედია ორგანიზაციები მის ყველა სამიზნე აუდიტორიას ფარავენ.


აღსანიშნავია, რომ დაფინასების ზრდა კავშირშია რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასთან, რადგან ზუსტად ამ წლებში შეიმჩნევა დაფინანსების ზრდის ტენდენციები.


2019 წელს მხოლოდ RT-ს და Rossiya Segodnia-სათვის რუსეთის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ზუსტად იმდენია, რამდენიც საქართველომ იმავე წელს დახარჯა, ერთად აღებული: თავდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი მაუწყებლის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის პროგრამის, საზღვრის დაცვისა და ვეტერანების საქმეთა სამსახურის ბიუჯეტში.3 მეტიც: იმავე წელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის შესაძლებლობების შენარჩუნება/განვითარების პროგრამისათვის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხა 85-ჯერ ნაკლებია ზემოხსენებული რუსული მედიების დაფინასებაზე.


რაც შეეხება ყველა მედია საშუალებისათვის გამოყოფილ თანხებს, ბოლო მონაცემებით, 2021 წელს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მასმედიაზე ჯამში 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი (115 მილიარდი რუბლი) გამოიყო - დაფინასების ზრდა კვლავ გრძელდება.


ამავე დროს, რუსეთი უწყვეტად აკავებს, კლავს, აწამებს, უზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას, საკუთრებისა და განათლების უფლებას საქართველოს მოქალაქეებს,საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე (განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა) ხელოვნურად ქმნის კრიზისულ კერებს, საქართველოს მოქალაქეებს ურიგებს რუსულ პასპორტებს. კვლავ მზარდია სამხედრო ბაზების რაოდენობა როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში, ისე ცხინვალში. სულ რაღაც ერთი კვირის წინ, გალში „სამართალდამცავებმა“ მოკლეს ახალგაზრდა კაცი, თემურ კარბაია, ერთი თვეც კი არ არის გასული სალოცავში მისული თამაზ გინტურის მკვლელობიდან. დღემდე, არ დაუსჯიათ ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას მკვლელები. ოთხოზორიას მკვლელს ბრალი მოუხსნეს; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ოთხოზორიას საქმის განხილვის დროს კი რუსეთი იმას დავობდა, რომ თანხა რომელიც მათთვის სასამართლოს უნდა დაეკისრებინა, (ოთხოზორიას ოჯახის წევრებისათვის მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის), „ზედმეტად დიდი“ იყო.4 ამასთან, ნაკლებად სარწმუნოა, რომ რუსეთმა აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება, რაზეც წინა გადაწყვეტილებებზე არსებული მიდგომაც გვაფიქრებინებს.


ამ ყველაფრის მიუხედავად, რუსული პროპაგანდა გვარწმუნებს, რომ საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას ყველაზე მეტად ემუქრება ევროკავშირი, ამერიკა, ნატო, ადამიანის ძირითადი უფლებები - მათ შორის, ლგბტქ+ ადამიანებისთვის თანასწორი და უსაფრთხო გარემოს შექმნა, და არა თავად რუსეთი. 

რუსული დეზინფორმაციის ფორმულა თითქმის მსგავსია ყველა მის სამიზნე ქვეყანაში, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რამდენიმე დღის წინ იდენტური ნარატივი ვიხილეთ ოკუპირებულ აფხაზეთში მარგარიტა სიმონიანის გამოსვლაში, სადაც მან USAID-ი შერაცხა დესტრუქციულ ორგანიზაციად. შედეგმაც არ დააყოვნა და ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ USAID-ის პროექტები აკრძალა. სეპარატისტული რეჟიმის გადაწყვეტილებით, აკრძალულია ისეთი პროექტების განხორციელება, რომელთა მიზანია აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებსა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს შორის კონტაქტების დამყარება. ასევე აიკრძალა მედიაპროექტების დაფინანსება, რომელთა მიზანია აფხაზეთის საშინაო და საგარეო საკითხების გაშუქება.5 აღნიშნული ქმედებები პირდაპირ მიანიშნებს რუსეთის ნებაზე, ხელი შეუშალოს დიალოგის მინიმალურ ალბათობასაც კი საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის. რუსეთის მიერ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი არაერთი დანაშაულის მიუხედავად, ხშირად თავს იჩენს ნარატივები „ქართულ-რუსული ძმობის“ შესახებ, რომელიც შეიცავს თავდასხმას ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგ, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება, განსაკუთრებით, ბოლო ასწლეულის საქართველოს ისტორიას - 1918 წლის გაცხადებულ ნებას, საქართველოს თანამედროვე სახელმწიფო აშენებულიყო დემოკრატიული პრინციპებით.

 

ამ დროს, ჩვენმა წინაპრებმა საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და უსაფრთხოების დაცვისთვის, სწორედ თანასწორობასა და დემოკრატიაზე დაფუძნებული კონსტიტუცია დაგვიტოვეს. მეტიც, საქართველო იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც კონსტიტუციაში პირდაპირ მიუთითა მოქალაქეთა შორის თანასწორობასა და დემოკრატიულ მართვაზე, 1921 წელს, სხვა სახელმწიფოებზე ათწლეულებით ადრე:


„მუხლი 1:

საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო.

მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა.

 

მუხლი 16: მოქალაქენი კანონის წინაშე ყველანი თანასწორნი არიან.

 

მუხლი 39: ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია, როგორც პოლიტიკურ ისე სამოქალაქო, ეკონომიურ და საოჯახო უფლებით.”

 

ამ სიტყვებში ასახულია საქართველოს მოქალაქეების ნება, კულტურული მემკვიდრეობა და ნამდვილი ტრადიციები. თუმცა, რუსული პროპაგანდა ჩაგვძახებს, რომ სწორედ ამ ღირებულებების აღდგენით, „ქართველობას გვართმევენ“, მაშინ როდესაც, სწორედ რუსეთის ძალებმა გადაწვეს, გადაღებეს და სხვაგვარად დააზიანეს უძველესი ქართული ეკლესიების კვალი. რაშია საქმე? რატომ ეშინია რუსეთს მოქალაქეთა კეთილდღეობის, თანასწორობისა და ხალხის მმართველობის საქართველოში? 

 

რუსეთის ტაქტიკას საქართველოში მრავალი სახელით მოიხსენიებენ სხვადასხვა ანალიტიკურ ლიტერატურაში: „ჰიბრიდული“, „საინფორმაციო“ ომი და სხვა, რაზეც შემდგომ მოგითხრობთ, თუმცა, ამ ბლოგში, მის ერთ-ერთ კომპონენტზე - დეზინფორმაციაზე ვისაუბრებთ. 

 

„დეზინფორმაციის“ რამდენიმე კლასიკური განმარტება არსებობს.6 დეზინფორმაცია არის „ყალბი ან ნაწილობრივ ყალბი ინფორმაციის სისტემურად გავრცელება, ან ზუსტი ინფორმაციის დამახინჯება, რათა მოსახლეობაში დაინერგოს ეჭვი, უნდობლობა, შიში, პანიკა, განხეთქილება და  პოლარიზაცია, რითაც მოხდება მოქალაქის და მთლიანად   საზოგადოების, შესაბამისად სახელმწიფოს გადაწყვეტილების უნარის პარალიზება, უპირატესობის მოსაპოვებლად. რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის გატარების მიზანია,  უპირატესობის მოპოვება,  საქართველოში საკუთარი ნების/პოლიტიკის გატარება. სხვა სიტყვებით, დეზინფორმაცია ემსახურება საზოგადოების ჯგუფების ქცევის ეპიზოდურ ან სისტემურ ცვლილებას. 

 

ამგვარ ტაქტიკაზე ორიენტირება შეიძლება აიხსნას რუსეთის სისუსტით სხვა სფეროებში:  ცხოვრების დონის ყველა პარამეტრით (ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, უსაფრთხოება) რუსეთი მნიშვნელოვნად ჩამორჩება დასავლეთს და სრული დემოკრატიის ქვეყნებს, მაგ: აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტი და ეკონომიკა საშუალოდ 12-ჯერ აღემატება რუსეთის სამხედრო ბიუჯეტსა და ეკონომიკას.7 რუსეთისთვის დარჩენილია ერთადერთი გამოსავალი: დააკომპენსიროს სამხედრო და ეკონომიკური ჩამორჩენა არაკეთილსინდისიერი ხრიკებით - მათ შორის დეზინფორმაციით.

რუსეთი პატივს არ სცემს იმ ღირებულებებს რომელიც დემოკრატიული ქვეყნების ხერხემალია და შესაბამისად, ის პატივს არ სცემს სხვის სუვერენიტეტს, სახელმწიფოებრიობას და ცდილობს თავის წიაღში შთანთქოს ნებისმიერი, ვისაც მისგან განსხვავებული გზის არჩევა სურს. 2023 წლის მონაცემებით8 რუსეთში ყველა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის დამოუკიდებლობა მინიმუმამდეა დასული. სამოქალაქო საზოგადოების, მედიის საქმიანობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობა უკიდურესად მძიმე მდგომაროებაში, ხოლო კორუფციის დონე - ძალიან მაღალია.

საქართველოს კონსტიტუციაში უკვე 1995 წელს, განმეორებით გამოიხატა საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნება, 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი. ამისთვის9 ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია მიზნის მიღწევის შესაძლებლობაა და ამ მიზნის განხორციელების გზაზე 9 ნაბიჯიდან10 ერთ-ერთი სწორედ ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაც-იო მანიპულაციებთან დაუცხოურ ჩარევასთან ბრძოლას მოიაზრებს.

 

შესაბამისად, იმისათვის რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, 9 ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რომელიც თავის თავში მოიცავს: სამართლიანი სასამართლოს, სამართლიანი არჩევნების, კორუფციასთან ბრძოლის და მოქალაქეებისთვის თანასწორი, უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნის საკითხებს. 

 

თითოეული ეს  ელემენტი კი პირდაპირ „საფრთხეს“ წარმოადგენს არადემოკრატიული რუსეთისთვის: სახელმწიფო, რომელშიც არჩევნები თავისუფლად ტარდება, სადაც მოქალაქეები არ საჭიროებენ არაფორმალური კრიმინალური ჯგუფების ჩარევას უსამართლობის გამო, სადაც ყველა მოქალაქე დაცულია სოციალურად, ეკონომიკურად და პოლიტიკურად - არ დაემორჩილება რუსეთის ნებას, და ვერ გახდება მისი ინსტრუმენტი, საკუთარი ინტერესების გასატარებლად. სწორედ ამიტომ, საქართველოს შემთხვევაში, რუსეთის მთავარი ამოცანაა დაგვარწმუნოს, თითქოსდა ყველა ბოროტება ევროკავშირიდან და კოლექტიური „დასავლეთიდან“ გამომდინარეობს. 

 

იმას, რომ რუსეთისთვის დეზინფორმაცია საინფორმაციო ომის არსებითი ნაწილია, აღიარებს თავად რუსეთიც: მისი მთავარი პროპაგანდისტული არხის, RT-ს მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა 2012 წელს კომერსანტისთვის მიცემულ ინტერვიუში სიამაყით განაცხადა, რომ ისინი ისევე მზად არიან, როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, და თავს „რბილ ძალას“ უწოდებს. 2015 წელს კი რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შაიგუმ ნათლად განმარტა რუსეთისპოზიცია მედია საშუ-ალებებთან დაკავშირებით: „დადგა დღე, როცა ყველამ ვაღიარეთ, რომსიტყვა, კამერა, ფოტოგრაფია, ინტერნეტი და ზოგადად ინ-ფორმაცია გახდა სხვა ტიპის იარაღი, სხვა ტიპის შეიარაღებული ძალა“, „მედია იარაღია, ინფორმაცია იარაღია“.11

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ არამხოლოდ დეზინფორმაცია იყენებს - პროპაგანდა, საინფორმაციო ომები და ჰიბრიდული ომი საქართველოსათვის ახალი არ არის. ცნობილია, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში, რუსეთი ეყრდნობა ე.წ. გერასიმოვის დოქტრინას12 როგორც საქართველოს, ისე სხვა მის მოწინააღმდეგეებთან მიმართებაში, რომელიც მტერთან ომის მთავარ იარაღს სამხედრო დაპირისპირება აღარ წარმოადგენს და სხვა ინსტრუმენტებთან სამხედრო ძალის შეფარდება - 4/1-ზეა. ამ თეორიის თანახმად, პრიორიტეტი ენიჭება ადამიანებზე ფსიქოლოგიურ, საინფორმაციო ზემოქმედებას, სამხედრო ძალით დაშინებასა და ეკონომიკურ წნეხს. დოქტრინა, რომ მოკლედ შევაჯამოთ, ის მოიცავს: 

-       ე.წ. "მეხუთე კოლონის" მსგავსი ფორმირების ჩანერგვას ქვეყანაში;

-       შიდა არეულობის მოწყობას;

-       პოლიტიკური ფიგურების მოსყიდვას;

-       წინააღმდეგობრივი მოძრაობების "წმენდას".

ამ დროს საქართველოში აქტიურად მუშაობს „კონსერვატიული მოძრაობა“, რომელიც ღიად იმუქრება ფიზიკური დაპირისპირებით, სავარაუდოდ აგროვებს თანხებს უკანონო ფორმირების შესაქმნელად13 და ღიად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ძირეულ პრინციპებს. თუ გავითვალისწინებთ სხვადასხვა წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას კონსერვატიული მოძრაობის კავშირის შესახებ რუსეთთან14, მკითხველს არ უნდა გაუჭირდეს მსგავსებების აღმოჩენა.

 

სწორედ ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ საქართველოს კანდიდატობის სტატუსის მისანიჭებლად, ევროკომისიამ საქართველოს მიმართებაში გამოყო  დეზინფორმაციასთან და უცხოურსაინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლის აუცილებლობა. არსებული მდგომარეობით, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში შექმნილია სამსახურები, რომლებიც დეზინფ-ორმაციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მუშაობენ. თუმცა, არ არსებობს ერთიანი ხედვა, თუ როგორ გაუმკლავდეს საქართველო ამ გამოწვევას, კერძოდ: 

-       არ არსებობს საჯარო, ერთიანი, სისტემური კვლევა, თუ რა ზიანს აყენებს რუსეთის დეზინფორმაცია საქართველოს და რა მექანიზმებით; 

-       არ არსებობს სისტემური და ხარისხიანი სწავლება არც სასკოლო სივრცეში, არც არაფორმალური განათლების მიმართულებით - თუ როგორ მოხდეს ყალბი ინფორმაციის გადამოწმება და ამოცნობა, მედია წიგნიერება არ შედის სასკოლო პროგრამაში; 

-       არ არსებობს ერთიანი, სისტემური მექანიზმი, დეზინფორმაციის საპირწონედ, მოსახლეობაში გადამოწმებული, ნამდვილი და ობიექტური ინფორმაციის გაზიარების მხრივ. საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის ორიენტირებული ამ გამოწვევის გადასალახად; 

-       არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუცია არ არის აღჭურვილი სრულფასოვანი მექანიზმებით აღნიშნულ გამოწვევასთან გამკლავებისთვის. 

 

სწორედ ამიტომ, აუცილებელია კრიტიკულად გავიაზროთ „ტრადიციის“ საფარქვეშ გავრცელებული რუსული დეზინფორმაცია, და თავად ვუპასუხოთ კითხვას - თუ რას ნიშნავს სინამდვილეში საქართველოს სახელმწიფოს სამართლებრივი და ღირებულებითი მემკვიდრეობა და ჩვენი ეროვნული იდენტობა?


ავტორი: თამარ საძაგლიშვილი


 




1 გლობალური ჩართულობის ცენტრის (აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი) სპეციალური ანგარიში კრემლის მიერ დაფინანსებული მედიის შესახებ, იხ. ბმული;

2 RT-ს ოფიციალური ვებ-გვერდი, იხ. ბმული

3 ალექსანდრა მიკალოვსკა-კუბსის ნაშრომი კრემლის მიერ დაფინანსებული დეზინფორმაციის შესახებ, იხ. ბმული;

4 2019 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 835 მილიონი ლარი იყო, საქართველოს ეროვნული მაუწყებლობის - 58.2 მილიონი ლარი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის - 136 მილიონი ლარი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის - 3 მილიონი ლარი, იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისთვის - 66.5 ლარი, სარეინტეგრაციო დახმარება დაბრუნებული მიგრანტებისთვის - 650 ათასი ლარი, სახელმწიფო საზღვრის დაცვა - 94 მილიონი ლარი, სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის - 8 მილიონი ლარი. იხ. ბმულზე;

5 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მატკავა რუსეთის წინააღმდეგ“, ხელმისაწვდომია ოფიციალურ საიტზე, იხ. ბმული;  

6 საზოგადოებრივი მაუწყებლის განახლება, ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ USAID-ის პროექტების აკრძალვის შესახებ, იხ. ბმული;

7 ვებსტერის ლექსიკონის განმარტება დეზინფორმაციის შესახებ, იხ. ბმული;

8 აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტი საშუალოდ შეადგენს 816 მილიარდ აშშ დოლარს, რაც 12-ჯერ აღემატება რუსეთის სამხედრო ბიუჯეტს (65.9 მილიარდი დოლარი). ამავდროულად, ეს თანხები ბევრად ნაკლებად მტკივნეულად აისახება აშშ-ს ბიუჯეტზე, ვიდრე რუსეთის ბიუჯეტზე: აშშ-ს ეკონომიკაში, 816 მილიარდი აშშ დოლარი წარმოადგენს მისი მშპ-ს 3.3%-ს.

9 Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებული შეფასება რუსეთში დემოკრატიულობის ხარისხის შესახებ, იხ. ბმული;

10 ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესახებ ინფორმაცია, იხ. ბმულზე;

11 შოიგუს კომენტარი მედიის როლის შესახებ, კომერსანტ.რუ-ს ვებგვერდი, იხ. ბმულზე;

12 ვინიდან შოიგუს არ ჰქონია სამხედრო კარიერა, როდესაც ის 2012 წელს დანიშნა თავდაცვის მინისტრად, მან გერასიმოვი დანიშნა გენ.შტაბის უფროსად, როგორც გამოცდილების მქონე სამხედრო პირი. სწორედ გერასიმოვმა შექმნა რუსეთის ახალი ტაქტიკა, მათ შორის ჰიბრიდული ომის გამოყენების ნაწილში რასაც მედია „დოქტრინად“ მოიხსენიებს.

13 ალტ.ინფოს შესახებ, Cnews.ge, იხ. ბმულზე;

14 აი, ფაქტის საგამოძიებო მასალა ალტ. ინფოს შესახებ, იხ. ბმულზე.